საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი განცხადებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო! მივესალმები კიდევ ერთხელ თქვენს დელეგაციას! მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას კოლეგას და ჩემს მეგობარს. დიდი პატივია ჩემთვის, გიმასპინძლოთ კიდევ ერთხელ თბილისში.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ბატონ პრემიერ-მინისტრთან ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც შეეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, პარტნიორობას, თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვქონდა ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-13 სხდომა, სადაც ასევე განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება ვაჭრობას; ეკონომიკას; ზოგადად, ურთიერთობებს. მინდა აღვნიშნო სიამოვნებით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ვითარდება, სავაჭრო ბრუნვამ უკვე გადააჭარბა მილიარდ დოლარს. სომხეთი არის რიგით მე-6 სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის, ასევე რიგით მე-2 საექსპორტო ქვეყანა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია ჩვენთვის. ასევე მინდა აღვნიშნო სიამოვნებით, რომ გასულ წელს სომხეთიდან თითქმის მილიონი ტურისტი, ვიზიტორი გვესტუმრა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. რაც მთავარია, მინდა განსაკუთრებით გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ ზაფხულში, გასულ წელს, დავაანონსეთ, რომ ჩვენ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არა მხოლოდ მეზობლები; გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა, ურთიერთობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით და დე ფაქტო, შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები და დღეს უკვე შეიძლება ითქვას, ეს რეალობა, მოცემულობა გაფორმდა და დღეს ხელი მოვაწერეთ ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი სომეხი კოლეგების. ორივე ქვეყანა, რა თქმა უნდა, არის მოწოდებული, ორივე მთავრობა მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში არსებობდეს, დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ბატონმა პრემიერმა ძალიან კარგად იცის ჩემი პოზიცია და ჩვენი მთავრობის პოზიცია, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ, რომ ჩვენი წვლილი, კონტრიბუცია შევიტანოთ აი, ამ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რაც მთელი რეგიონის ქვეყნებსა და ხალხებს მოუტანს სარგებელს. ჩვენ დიდი ოპტიმიზმით და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც, უდავოდ, ხელს შეუწყობს და გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას; ხელს შეუწყობს სტაბილურობას, რაც კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვისა და ჩვენი ერებისთვის.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ისევე როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მნიშვნელოვანია ამ დინამიკის შენარჩუნება. ასევე ბატონ პრემიერთან კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ დეკემბერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, თვე, 15 დეკემბერი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველომ მიიღო, მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ქვეყანა გახდა უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, არამედ რეგიონისთვისაც და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ახლა აუცილებელია გაგრძელდეს მაღალი ტემპით ახალ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი, ისეთი, როგორიც არის შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. მსხვილ პროექტებს ვგულისხმობ, ბუნებრივია. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარსა და ჩემს კოლეგას - ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს და მინდა ვთხოვო და გადავცე სიტყვა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი - დიდი მადლობა, ქალბატონებო და ბატონებო, დამსწრეებო, ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო. დღეს შედგა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ღარიბაშვილს, ჩვენს ქართველ კოლეგებს ამ სხდომის თბილისში მასპინძლობისთვის და მაღალი დონის ორგანიზებისთვის. მინდა გულწრფელად მივულოცო საქართველოს მთავრობას და ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ როგორც ბატონი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის, ისე ხალხის როლს. ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის, ასევე - მთელი რეგიონისთვის. სიხარულით მინდა ხაზი გავუსვა, რომ 2019 წლის მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატის განახლების შემდეგ, სხდომები ყოველთვის იმართება. დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სპექტრი, დაწყებული ეკონომიკით, დამთავრებული კულტურით, ვაჭრობით, ადამიანური ურთიერთობებით. ჩვენ ვისაუბრეთ აგრეთვე სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურაზე და კავშირების შესაძლებლობებზე. ეკონომიკური წინსვლისთვის ხაზი გავუსვით პროექტების შესრულების მნიშვნელობას, ასევე განვიხილეთ საკითხები, რომლებიც ეხება მრავალ მიმართულებას. ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნის საბაჟო ორგანოებს შორის აქტიურად განიხილება სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა და, ამ შემთხვევაში, საბაჟო პროცესებისთვის საჭირო დრო შემცირდება.

ჩვენს კოლეგებს წარვუდგინე ასევე სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი, რომელზეც ვისაუბრე და წარვადგინე წინა წლის ოქტომბერში ბატონი ღარიბაშვილის მოწვევით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის დროს. ეს ჩვენი პროექტი მიმართულია რეგიონის ურთიერთობების ზრდისკენ და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვის საკითხი, და ჩვენი რეგიონი შეიძლება სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული გზა. და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას, და ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში. ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართაც სომხეთს დიდი ინტერესი აქვს.

პატივცემულო დამსწრენო, საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლებო, სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას. ბატონ პრემიერთან მოვაწერეთ ხელი ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ. ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გამოხატავს ჩვენს მიზანმიმართულობას. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და შეძენილით არ დავკმაყოფილდეთ, რაზეც ვისაუბრეთ ასევე სხდომის დროს. ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს ასევე გადავწყვიტეთ, უწყებებს დავავალოთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად. ასევე ვისაუბრე აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით სომხეთის რესპუბლიკის ძალისხმევაზე. ხაზი გაესვა, რომ მილიტარიზაციული და სხვა მიმართულებები ხელს არ შეუწყობს ჩვენს ურთიერთობებს. როცა შევათანხმებთ და საჯარო პრინციპებზე მშვიდობის ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, მაშინ იქნება მიღწეული მშვიდობა რეგიონში. ჩემს სიტყვას ვასრულებ იმით, რომ ერთობლივი დადგენილება მივიღეთ, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ კანონიერი ურთიერთობები ყველა მიმართულებით და ამ გზაზე შესაძლო წარმოქმნილი ყველა პრობლემა განვიხილოთ ურთიერთგაგების პრინციპით. ბატონო ღარიბაშვილო, დიდი მადლობა ჩემი და ჩემი დელეგაციის თბილი მიღებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს თანამშრომლობას!